რა არის ბიტკოინის "Fork"?
ჩვენი მომხმარებლის თხოვნით, გთავაზობთ ბლოგს ბიტკოინის "Fork"- ების შესახებ, რომელსაც ჩვენს ლექსიკონში „ორკაპს“ ვუწოდებთ.
ბლოკჩეინში ორკაპი არის ტექნიკური ცვლილება, რომელიც ხდება იმის გამო, რომ ქსელის მონაწილეები ვერ თანხმდებიან ბლოკჩეინის წესებზე.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ორკაპის დროს, ბლოკჩეინი იყოფა ორ ნაწილად. ამ ორ ნაწილში განსხვავებულია ან 1) ტრანზაქციების ისტორია ან 2) სამომავლო ტრანაქციების ვალიდურობის კრიტერიუმები. შედეგად, ქსელის მონაწილეებმა უნდა გადაწყვიტონ, ბლოკჩეინის რომელ ვერსიას დაუჭერენ მხარს.
ასევე გეტყვით, რომ გადანაწილებული კონსესუსის პირობებში, ორკაპი ხდება ყოველთვის, როდესაც ორი მაინერი ერთდროულად (დაახლოებით) ამოხსნის ბლოკს. ამ დროს, ერთი ბლოკი (რომელიც უფრო მალე ამოიხსნა) ემატება ბლოკჩეინს, ხოლო მეორე „ობლდება“ (Orphan Blocks) და ბიტკოინის ბლოკჩეინის შემთხვევაში, მაინერი ვერ იღებს ჯილდოს, მიუხედავად იმისა, რომ ვალიდური ბლოკი ამოხსნა (ობოლ ბლოკებთან დაკავშირებით მალე შემოგთავაზებთ ბლოგს). იმ შემთხვევაში, თუ მაინერების ნაწილი გადაწყვეტს, რომ ახალი ბლოკი დააშენოს ამ დაგვიანებით ამოხსნილ ბლოკს, მაშინ მოხდება ორკაპი. სწორედ ეს პრინციპია ნაჩვენები გრაფიკზე - სადაც ზედა გრაფიკი გვიჩვენებს „დაობლებულ“ ბლოკებს, ხოლო ქვედა - რეალურ ორკაპს.
მყარი ორკაპი (Hard Fork)
მყარი ორკაპი არის ბლოკჩეინის პროგრამის განახლება, რომელიც ხელმძღვანელობს ახალი წესებით. ახალი წესები კი შეუქცევადია, რაც ნიშნავს, რომ ახალი წესებით შექმნილი ბლოკი ძველი წესებით არავალიდური იქნებოდა. მაგალითად, განვიხილოთ Bitcoin Cash-ის ორკაპი. ამ დროს, ბლოკის ზომა გაიზარდა 8 MB-მდე, ხოლო ძველი Bitcoin-ის ბლოკის ზომა იყო 1 MB. შესაბმისად, თავდაპირველი ბლოკჩეინის წესების მიხედვით, Bitcoin Cash-ის ბლოკი არ ჩაითვლებოდა ვალიდურად. ამიტომაც, ქსელი გაიყო ორ ნაწილად, ქსელის მონაწილეების ნაწილმა განაახლა საკუთარი ბლოკჩეინ პროგრამა და გადავიდა Bitcoin Cash-ის ბლოკჩეინზე, ნაწილმა კი გააგრძელა მუშაობა ძველი წესებით.
რბილი ორკაპი (Soft Fork)
რბილი ორკაპი. მყარისგან განსხვავებით, გულისხმობს, რომ ახალი წესები არ ეწინააღმდეგება ძველი ბლოკჩეინის წესებს. წარმოიდგინეთ, რომ Bitcoin Cash-ის ახალი წესებით ბლოკის ზომა 500kb-მდე შემცირებულიყო ნაცვლად გაზრდისა (სიმარტივისთვის ჩავთვალოთ, რომ ეს არის ერთადერთი წესის ცვლილება). ნოდები, რომლებიც არ გაანახლებდნენ საკუთარ პროგრამას, Bitcoin Cash-ის ბლოკებს მაინც ვალიდურად ჩათვლიდნენ, რადგან მისი ზომა ნაკლები იქნებოდა 1 MB-ზე, ეს კი არ დაარღვევდა ძველ წესებს.