Arcblock ICO-ს მიმოხილვა
ვიდრე სიღრმეში წავიდოდეთ და უშუალოდ არქბლოკის პროექტს მიმოვიხილავდეთ, მოდი, გავეცნოთ ბლოკჩეინის უკანასკნელ, 3.0, ვერსიას, რომლის ინიციატორიც არქბლოკის ჯგუფია და რომელიც ნელ-ნელა იძენს პოპულარობას. სურათი რომ თვალნათლივ დავინახოთ, მივყვეთ დასაწყისიდან. მაშ, ბლოკჩეინ 1.0 , ასე უბრალოდ, მიუთითებს ვალუტაზე, ანუ მისი ერთადერთი დანიშნულება კრიპტოვალუტა ბიტკოინის ტრანზაქციების აღწერა და მთავარ დავთარში ჩაწერაა. ეს არის დეცენტრალიზებული ფინანსური სისტემისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯი. შემდეგი განვითარების, ბლოკჩეინ 2.0-ის, ძირითადი მახასიათებელია გონიერი კონტრაქტები. მე პირადად მგონია, რომ ეს არის ბლოკჩეინ რევოლუციის ნამდვილი დასაწყისი. ჭკვიანი კონტრაქტი არის კომპიუტერული პროტოკოლი მიმართული იმისკენ, რომ გაამარტივოს, დაადასტუროს და ხელი შეუწყოს მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესს კონტრაქტის დადებისას მესამე მხარის ჩარევის გარეშე. ბოლოს კი გამოჩნდა ბლოკჩეინის 3.0 ვერსია, ანუ დეცენტრალიზებული აპლიკაციები (Dapps). მათი ძირითადი უპირატესობა არის ის, რომ ის გამორიცხავს ცენტრალიზებულ ინფრასტრუქტურას და ჩავარდნის რაიმე ცენტრალურ მიზეზს. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეცენტრალიზებული აპლიკაცია იყო კრიპტო-კნუტები, რომელმაც მისი ტრენდულობით ეთერეუმის პლატფორმას პრობლემები შეუქმნა. არქბლოკი იქნება დეველოპერებისთვის ძალიან ხელსაყრელი სისტემა, მოქნილი და თავისუფალი პლატფორმით. ბლოკჩეინ 3.0-ს რამდენიმე უპირატესობა აქვს წინა ვერსიებთან შედარებით, რომელთგან უმნიშვნელოვანესია ორი :
1) როგორც იცით, არსებობს განსხვავებული ბლოკჩეინები, არქბლოკის „ღია ჯაჭვის წვდომის პროტოკოლი“ კი საშუალებას მისცემს თქვენს აპლიკაციებს, თავისუფლად დაუკავშირდნენ სხვადასხვა ბლოკჩეინებს.
2) შემდეგი უპირატესობაა „ბლოკლეთი“ , რომელიც არის უსერვერო კომპიუტერული არქიტექტურა და მასზე ერთდროულად მუშაობა შეუძლია სხვადასხვა სახის აპლიკაციებს.
ახლა კი დავუბრუნდეთ უშუალოდ არქბლოკის პროექტს. არქბლოკის პლატფორმა, მარტივად რომ ავხსნათ, იქნება საფუძველი დეცენტრალიზებული აპლიკაციებისა. ამასთანავე, მას კომპლექსურ ბიზნეს წესებთან გამკლავების უნარი გააჩნია და თავისუფლად უკავშირდება უკვე არსებულ ბლოკჩეინის სხვადასხვა ქსელებს. როგორც არქბლოკის white paper-ში ვკითხულობთ, მისი უმთავრესი მიზანია, შეამციროს ის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლის ბლოქჩეინ ტექნოლოგიის ფართო მასებში გავრცელებას. პროექტის საწყის სტადიაზე ასეთი ტრენდულობა მიმზიდველია ბევრი კრიპტოვალუტით მოვაჭრისა და ინვესტორისთვის. არქბლოკის ოფიციალურ ტვიტერზე დაიდო ინფორმაცია, რომ მათ 6 დღის განმავლობაში 147 204 რეგისტრაციის მოთხოვნა მიიღეს მსოფლიოს 100 ქვეყნიდან. აქვე გეტყვით, რომ საჯარო გაყიდვაში, ანუ ე.წ. public sale-ში, მონაწილეობის მისაღებად საჭიროა არქბლოკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რეგისტრაციის გავლა. ბუნებრივია, რომ მათ ბევრი მტერი ჰყავთ და ინტერნეტში გამოჩნდა თაღლითური საიტები და იმეილები. თქვენ უნდა ისარგებლოთ მხოლოდ Arcblock საიტით და არავითარ შემთხვევაში, განსხვავებულით. ასევე შეამოწმეთ მათი ოფიციალური იმეილი და მხოლოდ ამის შემდეგ უპასუხეთ წერილებს.
რაც შეეხება არქბლოკის დადებით მხარეებს :
თანმიმდევრული 2018-2019 წლის გეგმა. გუნდს ასევე აქვს 5 წლიანი გეგმა, რომელიც ადასტურებს იმას, რომ მათ აქვთ გრძელვადიანი მიზნები და პოტენციურად ძლიერი რწმენა საკუთარი შესაძლებლობებისა;
მათი ICO საკმაოდ პოპულარულია და მათთვის მარტივი იქნება საწყისი შემოსავლების მიღება, პროექტის განსახორციელებლად;
მათ ჰყავთ გუნდი, რომელსაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს. კერძოდ კი რობერტ მაო - მაიკროსოფტის ყოფილი მკვლევარი და ფლავიენ, ჩარლონი ასევე მაიკროსოფტის აზურის პროგრამის მონაწილე;
ძალიან ძლიერი მრჩეველები და პარტნიორები, როგორებიცაა : SAP, IBM, IEEE და THE LINUX FOUNDATION;
არკბლოქის ტოკენი, რომელსაც მომხმარებელი მათი სერვისების შეძენისას გამოიყენებს;
არქბლოკის პლატფორმა მიზნად ისახავს, რომ 1 წამში შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობა 100 000-ზე მეტი იყოს, რაც ძალიან დიდი სიმძლავრეა და უდავოდ მიმზიდველია, თუ შევადარებთ ორ წამყვან პლატფორმას: ბიტკოინს და ეთერეუმს. ბიტკოინის შემთხვევაში 1 წამში მხოლოდ 7 ტრანზაქცია დასტურდება, ხოლო ეთერეუმის შემთხვევაში - 15-მდე ტრანზაქცია. აქვე გეტყვით, რომ ვიზა/Visa -ს შემთხვევაში ეს რიცხვი 45 000-ს აღწევს.
ორიოდ სიტყვით, უარყოფით მხარეებსაც შევეხოთ :
მათ ვებსაიტზე ვხედავთ, რომ ისინი პარტნიორობენ ბევრ ცნობილ გამოცემასთან, მაგრამ ზოგიერთ მათგანზე ინფორმაცია არ იძებნება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი იტყუებიან. სავარაუდოდ სტატიები უახლოეს მომავალში გამოჩნდება.
კრიტიკოსები ასევე უარყოფითად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მათი ოფიციალური ვებ-საიტი მხოლოდ 2 თვის წინ გაიშვა, როდესაც სხვა წარმატებული ICO -ების შემთხვევაში ეს უფრო ადრე მოხდა.
კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც უარყოფითად შეიძლება ჩაითვალოს, არის ის, რომ მათ არ გამოუქვეყნებიათ ე.წ. yellow paper, ანუ პროექტის დაწვრილებითი ტექნიკური მახასიათებლები. კრიტიკოსების აზრით, ეს მეტი ნდობის მოპოვებაში დაეხმარებოდა .
მათ white paper-ში არ ჩანს კონკრეტული ფოკუს ჯგუფი, თუ ვისზე იქნებიან ისინი უფრო კონცენტრირებულნი - ბიზნესზე, ლოჯისტიკაზე, გართობაზე თუ სხვაზე.
ახლა კი დროა, განვიხილოთ არქბლოკის ICO-ს კონკრეტული მახასიათებლები :
ტოკენი : ABT
პლატფორმა : ARCBLOCK
გამტარუნარიანობა (performance) : 100 000-ზე მეტი ტრანზაქცია წამში.
საჯარო გაყიდვის რაოდენობა : 45%
ტოკენების საერთო რაოდენობა : 186 მილიონი
ჰარდ ქეფი : 12,500ETH დაახლოებით 12 500 000 $. 1 ABT = 0.54 $
საერთო ჯამში ტოკენების 85 პროცენტი გაიყიდება, ხოლო 15 პროცენტი მოხმარდება პროექტის ფუნქციონირებას. ტოკენების გარკვეული ნაწილი პირველი 12 თვის განმავლობაში არ გაიყიდება, ის გაწერილია 4 წლიან ვადაზე.
საჯარო გაყიდვა : მინიმალური შესასყიდი თანხა - 0.1 ETH ანუ დაახლოებით 100$ , ხოლო მაქსიმალური 50 ETH, ანუ დაახლოებით 50 000$.
თარიღი : 3-დან 10 თებერვლამდე.
რომ შევაჯამოთ, ბლოკჩეინის 3.0 განვითარება და, შესაბამისად, არქბლოკი დეცენტრალიზაციისკენ გადადგმული უდიდესი ნაბიჯია. არქბლოკის პლატფორმას კიდევ ბევრი ექნება დასამტკიცებელი, რომ საბოლოოდ მოიპოვოს მომხმარებლების ნდობა და შეერკინოს ისეთ პროექტებს, როგორიცაა : Ethereum, NEO და ა.შ. უნდა ვაღიაროთ, რომ საწყის სტადიაზე ასეთი ტრენდულობა რაღაც დიდის მოლოდინებს ბადებს. თუმცა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ყველაფერს დრო გვიჩვენებს.
წყაროები : investitin.com steemit.com arcblock whitepaper