რამ გამოიწვია კრიპტოვალუტების ფასების ასეთი შემცირება
იანვრის დასრულებასთან ერთად, ბიტკოინი ღირებულება 9,000 აშშ დოლარს ჩამოსცდა. ეს საკმაოდ მძიმე თვე იყო ყველა კრიპტოვალუტისთვის, მაგრამ განსაკუთრებით დიდი დარტყმა ბიტკოინმა მიიღო, რომლის ფასიც განახევრდა თავის მაქსიმუმთან, 19,600 აშშ დოლართან შედარებით.
იანვრის თვეში ბაზარი ყოველდღე ახალ დარტყმას იღებდა, რაც განპირობებული იყო ახალი ამბებითაც. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგი ახალი ამბავი საბოლოოდ სიცრუე აღმოჩნდა. ისეთ სპეკულაციურ ბიზნესში კი, როგორც კრიპტოვალუტაა, ცუდი ამბავი უფრო მეტად საზიანოა განსაკუთრებით ინვესტორებისა და მათი თავდაჯერებულობისთვის.
შუა იანვარში დიდი გაუგებრობა გამოიწვია კორეის ახალმა რეგულაციებმა, რომელიც რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად სამართლის მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი კრიპტოვალუტებს დაბლოკავდნენ, შემდეგ კი, საზოგადოებისგან და თავად ხელისუფლების შიგნიდანაც დიდი უკმაყოფილების მიღების გამო, გადაწყვეტილება შეიცვალა და საბოლოოდ მხოლოდ რეგულაციები დაწესდა. მიუხედავად ამისა, ბაზარმა ამ ახალი ამბების გამო დიდი ზიანი მიიღო.
ამასთან, ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი გაურკვევლობა და შიში გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ Bitfinex-სა და Tether-ს სასამართლოში გამოცხადების უწყება მიუვიდათ, რომლის დაუცველობაც სანქციას იწვევს. მას შემდეგ, რაც ამ ახალი ამბის გამო ფასები დაახლოებით 11%-ით დაეცა, გაირკვა, რომ თურმე ეს უწყებები უკვე კარგა ხნის გაშვებული იყო, კონკრეტულად დეკემბრის დასაწყისში.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც, ზემოხსენებულების მსგავსად, გაურკვევლობის შედეგი იყო და რომელმაც ბაზარი კიდევ უფრო უკან დაწია, ინდოეთიდან მოვიდა. ერთ-ერთმა მედიამ იმ მიზნით, რომ პირველს გამოექვეყნებინა ახალი ამბავი, რეგულაციებზე ხელისუფლების სიტყვა არასწორად გაავრცელა. სადაო წინადადება, რომელიც ფინანსის მინისტრმა არუნ ჯეითლიმ წარმოთქვა, ასე ჟღერდა:
„ხელისუფლება არ აღიარებს კრიპტოვალუტებს, როგორც ლეგალურ ტენდერს, ან მონეტას და ის ყველა გზას მიმართავს, რათა გააქროს მათი გამოყენების შემთხვევები არალეგალურ ფინანსურ აქტივობებში, ან გადახდის სისტემებში.“
ეს წინადადება იმდენად შეიცვალა, რომ საბოლოოდ აცხადებდნენ, არუნ ჯეითლიმ ახლახანს ინდოეთში კრიპტოვალუტები მოკლაო. რეალურად, ის გულისხმობდა, რომ ინდოეთის რეგულატორები მიზნად ისახავენ, შეამცირონ კრიპტოვალუტების არალეგალურ აქტივობებში გამოყენება.
საბოლოო ჯამში, კრიპტოვალუტებისთვის ისედაც მძიმე იანვრის თვე, რომელიც ყოველ წელიწადს ვარდნებით გამოირჩევა, კიდევ უფრო დამძიმდა და შედეგად მსხვილი კრიპტოვალუტების ფასების განახევრება დაფიქსირდა. ბაზარი ამჟამად ნელ-ნელა გაუმჯობესებისაკენ მიიწევს, მაგრამ რამდენი ხანი დასჭირდება ამ ყვეაფერს, უცნობია.
წყარო: cointelegraph.com