top of page

Keplertek ICO განხილვა


დღეს გვინდა, მიმოვიხილოთ კიდევ ერთი ქართული ბლოკჩეინ პროექტი Keplertek. გაგიკვირდებათ და პროექტი ეხება რობოტებს და ხელოვნურ ინტელექტს. თუმცა,როგორც ჩანს, პროექტის ავტორებს არ აშინებთ სიახლეებთან და სირთულეებთან შეჭიდება. პირად მიმოწერაშიც ამხელენ, რომ რადგან ისინი პირველები არიან, პროექტის წარმატების შემთხვევაში, მათი წყალობით საქართველოში შემოვა ცოდნა და გამოცდილება, რომელიც ამ სფეროს შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს. როგორც მათ white paper-ში ვკითხულობთ,  იაფი სამუშაო ძალა და შედარებით დაბალი გადასახადები, პროექტს უფრო მიმზიდველს ხდის.

    ვიდრე მიმოხლივას დავიწყებდე, უნდა აღვნიშნო, რომ კეპლერის გუნდის წევრებმა ძალიან ამბიციური მიზანი დასახეს და სურთ, 250 მილიონი დოლარის საწყის სტადიაზე, ICO-ს მეშვეობით, მოზიდვა პროექტის განსახორციელებლად. საინტერესოა, რომ საშუალოდ ბლოკჩეინ პროექტის საწყისი კაპიტალი 2017 წლის ოქტომბერში დაახლოებით 8.5 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. მსჯელობა რომ გავამარტივოთ, დავუშვათ, რომ სხვა პროექტების საშუალო საწყისი კაპიტალი 23 მილიონია. გამოდის, რომ კეპლერის პროექტი სხვებზე 10-ჯერ უფრო სანდო და ხარისხიან სერვისს უნდა სთავაზობდეს მომხმარებლებს.  ჩემი აზრით, ასეთი მაღალი თანხა, უარყოფითად აისახება მათი ტოკენების რეალიზაციასა და ზოგადად პროექტზე.

    როგორც ცნობილია, პოტენციური ინვესტორები პროექტის ვებ-საიტს მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ.ამიტომ მინდა, მათ საიტსაც შევეხო ორიოდ სიტყვით.საიტის დიზაინი სავსებით ნორმალურია და მნახველზე დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა პირველ გვერდზე მოცემულია 4 ბმული, რომელთაგან ორი, mega factory და B&D laboratory, არ არის ხელმისაწვდომი, რაც ცუდი ფაქტია.

   გაუგებარია, რატომ არის ვებსაიტზე განმარტებული ბლოკჩეინის, ტოკენის და ICO-ს ტერმინები. ჩემთვის, როგორც პოტენცური ინვესტორისთვის, ეს მიუღებელია და ჩანს, რომ მათ მომხმარებლების მინიმალური ცოდნის იმედიც კი არ აქვთ. ეს ხომ იგივეა, მათემატიკის პირველკურსელ  სტუდენტს  გასამეორებლად გამრავლების ტაბულა დაახვედრო მერხზე?! ისეთი ამბიციური პროექტის მხრიდან, როგორიც კეპლერია, მსგავსი განმარტებები, ცოტა არ იყოს, უცნაურია.  

    ვიდეო მიმართვაში ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია ICO-ს უსაფრთხოების და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. ალბათ, დამეთანხმებით, რომ  მთავარი მიზანი უნდა ეხებოდეს უშუალოდ პროექტს და არა იმას, თუ როგორ უსაფრთხოდ და გამჭვირვალედ მოიზიდავენ სახსრებს.. უცნაურია ისიც, თუ რატომ გახდა საჭირო ICO-ს 4 ნაწილად დაყოფა. ნორმალურ შემთხვევაში არსებობს 2 ეტაპი : ტოკენების წინასწარი გაყიდვა და  საჯარო გაყიდვა (ანუ ICO).

  მათი white paper არის ზოგადი და ძირითადად საუბრობენ , თუ როგორი პოტენციური სფერო აირჩიეს, რომ საქართველოში ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოა, განიხილავენ, საწარმოების გეოგრაფიულ განლაგებას და ა.შ.  პოტენციური ინვესტორისთვის, ეს ინფორმაცია  არც ზედმეტია  და არც ბევრის მთქმელი. კარგია, რომ წერია. უბრალოდ, არაფერია ნათქვამი პროექტის უსაფრთხოებაზე, ტექნოლოგიურ უზრუნველყოფაზე, არ არის ახსნილი ტექნიკური თვალსაზრისით, თუ როგორ იქნება დაცული მათი ვალუტის ტრანზაქციები.

    კარგი ფაქტია ის, რომ მათ მრავალფეროვანი გუნდი ჰყავთ. მათზე ინფორმაცია დამალული არ არის და თავისუფლად იძებნება. თუმცა, მათი გუნდში ვერ ნახავთ ვერცერთ წევრს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოცდილება აქვს. ასევე, რობოტების მიმართულებითაც მხოლოდ ერთი ახალგაზრდა წევრი ჰყავთ.

    კომუნიკაცია საკმაოდ დახვეწილი აქვთ. ისინი პასუხობენ მომხმარებლების შეკითხვებს Telegram-ზე, facebook-სა  და youtube-ზე.

    შედარებისთვის გეტყვით, რომ საქართველოში 2016 წელს განხორციელებული ინვესტიციებიდან ყველაზე მეტი, 645 მილიონი დოლარი, ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში განხორციელდა, შემდეგი იყო ენერგეტიკა 203 მილიონით, ბოლოს კი მშენებლობა 163 მილიონით. ახლა კი თქვენ განსაჯეთ, აქვს თუ არა კეპლერის გუნდს შესაბამისი ცოდნა, გამოცდილება და ძალა იმისთვის, რომ 250 მილიონიანი პროექტი, საქართველოსთვის სრულიად უცნობ სფეროში, წარმატებით განახორციელოს.  

bottom of page