top of page

ICO-ები შეიძლება ფულადი ტრანსფერების კანონს დაექვემდებაროს



პირველადი მონეტების შეთავაზებაში (ICO) ჩართულმა პირებმა დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ, რომ მათი ქმედება წინააღმდეგობაში მოდიოდა ამერიკის შეერთებული შტატების კანონებთან. თუმცა, ახლახანს გამოქვეყნებულ წერილში, რომელიც აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მომზადებულია, აღნიშნულია, რომ პირველადი მონეტების შეთავაზებები შეიძლება დაექვემდებაროს კრიმინალურ წესდებას, რომელიც აკონტროლებს ფულადი ტრანსფერების ბიზნესს.


წერილში, რომლის ადრესატიც სენატორი რონ უაიდენი იყო და რომელიც სამშაბათს (6 მარტს) გამოიცა, ნათქვამია, რომ კომპანიები, რომლებიც ვაჭრობენ „გადახურდავებადი ვირტუალური ვალუტებით“ უნდა ექვემდებარებოდნენ საბანკო საიდუმლოსა და კლიენტთან ურთიერთობის წესდებებს, რომლებიც შეიქმნა ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან საბრძოლველად.


წერილში ვკითხულობთ:


„ზოგადად, არსებული რეგულაციებისა და ინტერპრეტაციების მიხედვით, პირი, რომელიც ყიდის გადახურდავებად ვირტუალურ ვალუტას, მათ შორის პირველადი მონეტების შემოთავაზებების (ICO) ტოკენებისა და მონეტების სახით, არის ფულის გადამცემი (ტრანსმიტერი) და, შესაბამისად, უნდა დაექვემდებაროს AML/CFT მოთხოვნებს, რომლებიც არეგულირებს ასეთი ტიპის, ფულადი სერვისების, ბიზნესებს.“


პიტერ ვან ვალკენბურგმა, Coin Center-ის კვლევითმა დირექტორმა, თავის ბლოგზე დაწერა, რომ საბანკო საიდუმლოების აქტის ასეთი ინტერპრეტაცია არის “ზედმეტად თვითდაჯერებული“ და ქმნის „ლიცენზირების პრობლემებს ICO-ებისთვის“.


მისი განცხადებით, ICO-ს, რომელშიც ჩართულნი იყვნენ ამერიკის მოქალაქეები და რომელიც არ დარეგისტრირებულა ფინანსური კრიმინალისა და აღსრულების ქსელში - FinCEN-ში (ბიურო, რომლის მიზანია აღკვეთოს და გამოიძიოს ფინანსური დანაშაულები) - შეიძლება ბრალი დაედოს 18 U.S.C § 1960-ის მიხედვით. ეს არის ფინანსური დანაშაულების შესახებ არსებული წესდება, რომელიც მაქსიმალურ სასჯელად ითვალისწინებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთას. უფრო ფართოდ ინტერპრეტირების შემთხვევაში, ვან ვალკენბურგის განცხადების მიხედვით, ეს წესდება შეიძლება რეტროაქტიულად ამოქმედდეს ბიზნესის დანაშაულებრივ ქმედებაში ჩართული თანამშრომლებისა და ინვესტორების მიმართაც.


ბლუმბერგის მიხედვით, რამდენიმე ICO უკვე დარეგისტრირდა FinCEN-ში, ვინაიდან წინასწარ ვარაუდობენ, რომ რეგულატორული აპარატი მათ საქმიანობაზე შეიძლება სულ მალე გავრცელდეს. თუმცა, სავარაუდოდ, ICO-ების უმრავლესობა იგივეს არ იმეორებს.


გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ ICO-ების უმრავლესობას საკმაოდ ყურადღებით შეისწავლის ამერიკის შეერთებული შტატების ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების კომისია (SEC). CNN-ის ცნობით, სააგენტომ სასამართლოში გაიტანა ტოკენების გაყიდვის 80 სხვადასხვა შემთხვევა და, აგრეთვე, მოუწოდა სხვა ICO-ებს, რომ ნებაყოფლობით მიაწოდონ დოკუმენტები „ყველაფრის“ შესახებ, რაც დაკავშირებულია პირველადი მონეტების შეთავაზებებთან.


წყარო: ccn.com

bottom of page