კრიპტოვალუტების საიტი ბიტტრექსი აცხადებს ...
ამერიკაში დაფუძნებული საიტი Bittrex-ი აცხადებს, რომ ემორჩილება ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის წესებს, რომლებიც აშშ-ში მოქმედებს.
კომპანიამ, რომელიც მდებარეობს სიეტლში, განაცხადა, რომ მის მომხმარებლებს არ აქვთ არაფერი სანერვიულო, რადგან კომპანიის ქმედება შესაბამისობაში მოდის ქვეყნის კანონებთან, რომლებიც კრძალავს ვაჭრობას დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდებით.
Bittrex-მა განაცხადა: „როგორც ამერიკაში დაფუძნებული კომპანია, ბიტტრექსი ეცდება დანერგოს ახალი, ბლოკჩეინ ტექნოლოგიასთან დაკავშირებული პროექტები და თავის კლიენტებს შესთავაზოს გამარტივებული ვაჭრობა მონეტებით. ბიტტრექსი საკმაოდ აქტიურად აკვირდება ახალ ამბებს და მომხმარებლებს სთავაზობს მხოლოდ იმ მონეტებს, რომლებიც აკმაყოფილებს ამერიკის კანონმდებლობას და, ამავდროულად, არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდებს“.
ეს განცხადება ერთგვარი პასუხი იყო SEC-ის პოზიციაზე, რომელიც გულისხმობს, რომ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა „პოტენციურად უკანონოა“, რადგან პირველადი მონეტების შეთავაზებების (ICO) უმრავლესობა არის დაურეგისტრირებელი ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა.
SEC-ი აპირებს, რომ გაამკაცროს ზომები იმ პლატფორმების წინააღმდეგ, რომლებიც ვაჭრობენ ფასიანი ქაღალდების ტიპის მონეტებით. ეს სვლა ერთგვარად მოუწოდებს კრიპტოკომპანიებს, რომ დარეგისტრირდნენ SEC-ში. შედეგად, SEC-ის ავტორიტეტი კრიპტოვალუტების ბაზრის დარეგულირებაში მკვეთრად გაიზრდება.
გაცვლითი კომპანიების უმრავლესობა არის შტატების დონეზე დარეგისტრირებული, როგორც „ფულის გაცვლის კომპანიები“. ამის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლები აპირებენ ზედამხედველობის გაძლიერებას ფედერალურ დონეზე.
SEC-ის გაფრთხილების საპასუხოდ, ბიტტრექსმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელშიც სერტიფიცირებული იურიდიული ფირმა განმარტავს, თუ რატომ არ აქვს სამართლებრივი საფუძველი იმას, რომ მონეტებით ვაჭრობა უნდა რეგულირდებოდეს ფასიანი ქაღალდების შესახებ კანონის მიხედვით.
“ბიტტრექსის მიზანია, ხელი შეუწყოს ამერიკის ლიდერობას ახლად გამოჩენილ სფეროში. ჩვენ იმედიანად ვუყურებთ დადებით დიალოგს SEC-თან. ვთვლით, რომ ამ დიალოგით შევძლებთ ავაშენოთ უსაფრთხო, რეგულირებადი სივრცე ბლოკჩეინისთვის, რაც თავის მხრივ წაახალისებს ინოვაციასა და განვითარებას.“ - განაცხადა ფირმამ.
წყარო: ccn.com