top of page

დიდი ბრიტანეთის მთავრობა შეისწავლის ბიტკოინის ფეთქებად ზრდას


დიდი ბრიტანეთის უმცროსმა ფინანსთა მინისტრმა, ჯონ გლენმა, დააანონსა, რომ მთავრობა ჩაატარებს კვლევებს, რათა შეისწავლოს ბიტკოინის მსგავს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკები.


ორშაბათს ჩატარებულ ფინანსურ კონფერენციაზე, გლენმა აღნიშნა, რომ არსებობს საკმაოდ დიდი შეშფოთება იმ რისკებთან დაკავშირებით, რომლებიც კრიპტოვალუტებმა შეიძლება მოიტანოს. განსაკუთრებით აღსანიშნავი კი ისაა, თუ როგორი საოცარი ტემპებით გაიზარდა ბიტკოინის ღირებულება. როიტერსის მიხედვით, ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა და მარეგულირებელმა ორგანოებმა გადაწყვეტილება მიიღეს, დეტალურად შეისწავლონ ის პოტენციური რისკები, რაც კრიპტოვალუტებს ახლავს თან.


გლენმა განაცხადა: „ფინანსური ტექნოლოგიების სტრატეგიაში, მთავრობა გამოაცხადებს თავის თანამშრომლობას  ფინანსების მარეგულირებელ ორგანოებთან და ცენტრალურ ბანკთან. ამის მიზანი იქნება საკითხის უფრო დეტალურად შესწავლა“.


მინისტრების განცხადებამდე ერთი თვით ადრე, ფინანსთა კომიტეტმა - ბრიტანეთის პარლამენტის სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულმა ორგანომ - დაიწყო კვლევა, რათა შეესწავლა კრიპტოვალუტებთან დაკავშირებული რისკები მომხმარებლისთვის, ბიზნესებისთვისა და საკუთრივ მთავრობისთვის. კომიტეტის ერთმა წარმომადგენელმა ეს კვლევა შეაფასა, როგორც ნაჩქარევი სწავლა იმისათვის, რომ ბრიტანეთის ოფიციალური პირები გაერკვნენ კრიპტოვალუტის რაობაში.


რეგულაციები ინოვაციის დასაცავად


უმცროსმა ფინანსთა მინისტრმა გლენმა, რომელიც ზედამხედველობს ფინანსური სისტემის გამართულობას, განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველანაირად ეცდება, ქვეყანა დარჩეს წამყვან ჰაბად, რომელიც ლიდერი იქნება კრიპტოვალუტებისა და ბლოკჩეინის სტარტაპების მიმართულებითაც. მაგალითად, მას შემდეგ, რაც, ორი წლის წინ, სან ფრანცისკოში დაარსებული კომპანია, Coinbase, ლონდონშიც გაიხსნა, ამ კომპანიამ რვაჯერ გაზარდა ლონდონში დასაქმებულთა რიცხვი. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ კომპანიამ მიიღო ლიცენზია FCA (ბრიტანეთის ფინანსების მარეგულირებელი ორგანო), რომელიც იძლევა ევროკავშირში გაფართოების უფლებას.


“ბრიტანეთი მსოფლიოში საუკეთესო ადგილია ფინანსური ტექნოლოგიისთვის და ჩემი მანდატიც გულისხმობს იმას, რომ ეს ასე შევინარჩუნო“ - განაცხადა გლენმა.


მინისტრმა ასევე გამოაცხადა, რომ 2017 წელი იყო რეკორდული წელი ფინანსური ტექნოლოგიების სექტორისთვის. ინდუსტრიაში, დაახლოებით, 1.3 მილიარდი ფუნტი ჩაიდო და ამ თანხის ნახევარი უცხოეთიდან შემოვიდა. ამით გლენმა ხაზი გაუსვა მთავრობის პოზიციას, „ხელგაშლილი შეეგებოს“ კრიპტოვალუტებთან და ბლოკჩეინთან დაკავშირებულ კომპანიებს.


ამ ახალ ამბავთან დაკავშირებული სხვა ამბავიც გავრცელდა. ინგლისის ბანკის ხელმძღვანელმა, მარკ კერნიმ, რომელიც ფინანსური სტაბილურობის ბორდის ხელმძღვანელიცაა, ფინანსთა მინისტრებს, ცენტრალურ ბანკსა და მსოფლიოს 20 უდიდეს ქვეყანას (G20) განუცხადა, რომ ბიტკოინის მსგავსი ვალუტები არ წარმოადგენს საფრთხეს მსოფლიოს ფინანსური სექტორისთვის.


წყარო: ccn.com

bottom of page