top of page

ჯორჯ სოროსი კრიპტოვალუტით ვაჭრობისთვის ემზადება


ჯორჯ სოროსმა 2018 წლის იანვარში კრიპტოვალუტებს ბუშტი უწოდა. ახლა კი, მისი ოჯახი, რომლის სრული კაპიტალი $26 მილიარდს აჭარბებს, გეგმავს კრიპტოვალუტებით ვაჭრობას.


ვრცელდება ხმები, რომ ადამ ფიშერმა, რომელიც ნიუ იორკში არსებული სოროსის ფონდის მენეჯმენტს განაგებს, მიიღო თანხმობა შემდეგ რამდენიმე თვეში კრიპტოვალუტებით ვაჭრობაზე. მიუხედავად ამისა, ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაკეთებულა.


თავად სოროსმა კი, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, განაცხადა, რომ ციფრული ფული ვერ იფუნქციონირებს, როგორც რეალური ვალუტა. მიზეზად მან კრიპტოვალუტების არამდგრადობა დაასახელა.


2018 წლის 25 იანვარს, 87 წლის ჯორჯ სოროსმა განაცხადა, რომ „ ქვეყნებში, სადაც დიქტატურას სურს აღზევება და ამ პროცესს დაიწყებს, განსაკუთრებით პოპულარული გახდება ბიტკოინის მსგავსი კრიპტოვალუტები, რათა დიქტატორებმა უცხო ქვეყნებში საკუთარი ფინანსური პოზიცია დაფარულად სწორედ კრიპტოვალუტებით გაიმყარონ“.


მას შემდეგ, რაც ჯორჯ სოროსმა დააფიქსირა თავისი ნეგატიური პოზიცია, ბიტკოინის ფასმა 41%-ით დაიკლო. ბევრ ინვესტორს გაუჩნდა ეჭვი, მართლა ღირდა თუ კრიპტოვალუტებით ვაჭრობა გრძელვადიან პერსპექტივაში.


სოროსის მსგავსად, რამდენიმე მსხვილი მოთამაშე გეგმავს ინვესტიციების ჩადებას კრიპტოვალუტებში. მაგალითად, ჯონ ბერბანკი, რომელიც ღიად აცხადებს, რომ აპირებს $150 მილიონის ჩადებას ორ ციფრული ვალუტების საინვესტიციო ფონდში.


თუ ჯორჯ სოროსი ღიად განაცხადებს, რომ დაინტერესებულია კრიპტოვალუტებით და აპირებს საკუთარი ფონდიდან თანხების გამოყოფას და ვაჭრობაში ჩაბმას, შესაძლოა ეს ბევრი სხვა ინვესტორისთვისაც გახდეს პოზიტიური სიგნალი.


წყარო - bloomberg.com

bottom of page