top of page

ბლოკჩეინ სტარტაპებს ახალი დამფინანსებელი გამოუჩნდა


როკფელერების ოჯახის ვენჩორული კაპიტალი კრიპტოვალუტაზე გადადის. Venrock-ი (ვენჩორულისა და Rockfellers-ის შერწმით მიღებული სიტყვა) CoinFund-თან ერთად ეხმარება მეწარმეებს ბლოკჩეინზე დაფუძნებული ბიზნესის წამოწყებაში.


„ჩვენ სწორედ ამ კომპანიასთან გვინდოდა თანამშრომლობა, რადგან მან ბევრი ინვესტიცია გააკეთა და ბევრ კრიპტო ეკონომიკურ და კრიპტო მონეტაზე დაფუძნებულ პროექტს დაეხმარა,“ - განაცხადა Venrock-ის წარმომადგენელმა, დევიდ პაკმენმა, Fortune-თან ინტერვიუში.


Venrock-ის აქტივები $2.6 მილიარდით ფასდება. როკფელერების დინასტია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ოჯახია, რომლის ჯამური ქონება $1 ტრილიონს აღწევს.


პაკმენმა განაცხადა, რომ Venrock-ი არაა დაინტერესებული მოკლევადიანი მოგებით. მათთვის უფრო მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ინვესტიციების გაკეთება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებსა და ვირტუალური ვალუტის ინდუსტრიაში.


„ბაზარზე ძალიან ბევრი კრიპტომოვაჭრეა. ბევრი კრიპტო ჰეჯ ფონდიცაა. ჩვენ კი განსხვავებულ რამეს ვაკეთებთ, რაც უფრო ახლოსაა ვენჩორულ კაპიტალთან.”


CoinFund-ი დაარსდა 2015 წელს ბრუკლინში, ნიუ-იორკი. ამ კომპანიამ ბევრ ბლოკჩეინ პროექტში ჩადო ფული, მათ შორის Kik-ში, საკომუნიკაციო აპლიკაციაში.


CoinFund-ის კიდევ ერთი კლიენტი CoinList-ია, ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც ეხმარება კომპანიებს რეგულაციებთან დაქვემდებარებული ICO-ს წარმართვაში.


ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ახლახანს რამდენიმე თაღლითური ICO გამოიჭირა. იმისდა მიუხედავად, რომ SEC-ი მკაცრად გაუსწორდა ამ ICO-ს, SEC-ის თავმჯდომარე, ჯეი კლეიტონი, აღნიშნავს, რომ სააგენტოს ყველა ICO არ მიაჩნია თაღლითურად.


კლეიტონი ამბობს, რომ თაღლითებისგან გათავისუფლება ინდუსტრიას დიდ წინსვლას მოუტანს.


„თუ ჩვენ არ შევაჩერებთ თაღლითებს, სარეგულაციო ქმედებები ისე გამკაცრდება, რომ ის ამ ახალი ფასიანი ქაღალდების მოცულობას შეზღუდავს,“ ამბობს კლეიტონი.


CoinFund-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა, ჯეიკ ბრუხმანმა, Fortune-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანია აღფრთოვანებულია იმ ფულის მოზღვავებით, რომელიც გამოყენებული იქნება კრიპტობაზრის მშენებლობაში.


„ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ VenRock-თან, რომ წინ გავუძღვეთ ამ სფეროში მოღვაწე გუნდებს. ჩვენ ვცდილობთ უნიკალური ურთიერთქმედება შევქმნათ ამ გუნდებს შორის, რადგან ვხედავთ, რომ ბევრი გამოცდილი დამაარსებელი და ტრადიციული ტექნოლოგიური სტარტაპი ბლოკჩეინზე გადმოდის,“ ამბობს ბრუხმანი.


ის, რომ როკფელერებიც ჩაერთნენ კრიპტოსამყაროში, კიდევ ერთხელ მოწმობს იმას, რომ კრიპტოვალუტები და ბლოკჩეინი ყურადღების ეპიცენტრშია.


მსოფლიოს წამყვანმა ბიზნესსკოლებმა, მათ შორის უორტონმა და სტენფორდმა, დაამატეს კურსები ბიტკოინის, კრიპტოსა და ბლოკჩეინის შესახებ.


„ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, როდესაც აუცილებელია ამ ტექნოლოგიების სწავლება. უახლოეს მომავალში სწორედ კრიპტოვალუტა იქნება წამყვანი ძალა ბიზნესში. 5 წელიწადში თითქმის ყველა უნივერსიტეტს ექნება ამ თემასთან დაკავშირებული კურსები.“ - განაცხადა კევინ ვერბახმა, უორტონის პროფესორმა.


წყარო: ccn.com

bottom of page