top of page

პირველი ისლამური კრიპტო ბირჟა


არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დარეგისტრირებულმა ფინანსური სერვისების ფირმამ, ADAB Solutions-მა, შარიათთან შეთავსებული მსოფლიოში პირველი კრიპტო ბირჟის გახსნის შესახებ განაცხადა. შარიათი, ისლამური სამართალი, ყურანის სწავლებების მიხედვით შედგენილი ერთგვარი ქცევის კოდექსია, რომელიც „მარადიულ და შეუცვლელ“ ღვთიურ დადგენილებად მიიჩნევა და რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1.8 მილიარდზე მეტი მუსულმანი ემორჩილება.


ციფრული აქტივების ამ ახალი ბირჟის სახელწოდება „პირველი ისლამური კრიპტო ბირჟა“ (FICE) იქნება და ის შარიათის ნორმებზე იქნება დაფუძნებული. ADAB Solution-ის ოფიციალური საიტის თანახმად, FICE-ის პლატფორმაზე მოსალოდნელია დღიური 146$ მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტებით ვაჭრობა.


ისლამური ბირჟა თავის პლატფორმაზე პირველი 18 თვის განმავლობაში 4.4$ მილიარდიან თვიურ ბრუნვას ელის. მეტიც, FICE-ის უპირველესი მიზანი კრიპტო ბაზარზე ისლამური სამყაროს მონაწილეობის გაზრდაა.


ისლამური ფინანსები კრიპტო სამყაროში


აღსანიშნავია, რომ ტრადიციული ისლამური საბანკო სისტემა ისლამური ქვეყნების უმეტესობაში უკვე მყარი ფინანსური ინდუსტრიაა. ADAB Solutions-ის მენეჯმენტის ჯგუფი კი ისლამური ფინანსების კანონებთან შეთავსებული კრიპტო ბირჟის სერვისების დანერგვას ცდილობს.



კომპანიის ოფიციალური საიტის თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით უკვე თითქმის 250 მსხვილი ციფრული ვალუტების ბირჟა არსებობს, თუმცა არც ერთი მათგანი ისლამური ბირჟა არაა. ADAB Solutions-ი FICE-ის დაფუძნებით მეტი მუსულმანი ინვესტორისა და კრიპტო ვაჭრის მოზიდვას იმედოვნებს.


კომპანიის საიტის თანახმად:


„ისლამისთვის ბევრი კრიპტოვალუტა, თავიანთი მახასიათებლებიდან გამომდინარე, მიუღებელია. დღეს, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ მონეტები და პროექტები, რომლებიც კრიპტო ბირჟებზეა განთავსებული, ისლამის ნორმებს ეთავსებიან“.


„ამორალური მომსახურებები“, მევახშეობა, აზარტული თამაშები და ალკოჰოლის შეძენა არ იქნება დაშვებული


იმისათვის, რომ ისეთი სერვისები შესთავაზოს მომხმარებელს, რომლებიც ისლამში აკრძალული არ იქნება, ADAB Solutions-მა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს ბირჟა ისეთ პროექტებში, არ მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც მევახშეობასთან არიან დაკავშირებული.


კომპანია არც „ამორალურ მომსახურებებს“ შესთავაზებს თავის მომხმარებელს, თუმცა დაზუსტებული არაა, თუ რა ჩაითვლება ამორალურად. სავსებით შესაძლებელია, რომ კომპანიამ არ აწარმოოს ისეთი მომსახურებები, როგორებიცაა ფიუჩერსების კონტრაქტები და პროგნოზების ბაზარი, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტების ფასის სამომავლო ცვლილებაზე ფულის დადების საშუალებას აძლევს.


მეტიც, კომპანიის კრიპტო სერვისების სიაში არ შევა არც ისეთი ბიზნესების მომსახურება, რომლებიც ალკოჰოლსა თუ თამბაქოს აწარმოებენ. იმისდა მიუხედავად, რომ თამბაქოს პროდუქტები ისლამური სახელმწიფოების უმეტესობაში სოციალურად მიღებულია, ზემოთ ხსენებული აქტივობები ისლამში დაშვებული არაა და ამიტომ არც კომპანია აწარმოებს მსგავს სერვისებს.


ADAB Solutions-ის საიტზე წერია:


„FICE-ის პლატფორმაზე არანაირი სპეკულაციური გარიგებები, მარგინალური ვაჭრობა და ნებისმიერი ოპერაცია, რომლიც შარიათის ნორმებს ეწინააღმდეგება, არ იქნება დაშვებული. ეს შეზღუდვები არა მხოლოდ რელიგიურ მიზნებს ემსახურება, არამედ მათი მეშვეობით ბირჟაზე დაბალი ხარისხის აქტივების გამოჩენა გამოირიცხება.“


ADAB მონეტა


კომპანია საკუთარ მონეტას, სახელად ADAB, გამოუშვებს. მონეტის თავდაპირველი შეთავაზება კი 2018 წლის სექტემბერშია დაგეგმილი. მხოლოდ ამ მონეტით იქნება შესაძლებელი პროექტის სერვისებისთვის და საკომისიოს გადახდა.


CryptoGlobe-ის მიერ მარტში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, მუსულმანმა მეცნიერმა, მუფტი მუჰამედ აბუ ბაქრმა, თქვა, რომ ბიტკოინი ისლამის კანონებს არ ეწინააღმდეგება. მუფტის თანახმად, ბიტკოინს შეუძლია ისლამური ფული იყოს.


წყარო: www.cryptoglobe.com

bottom of page